logo
ENG



"აკრძალული გვაქვს ლომისაზე ასვლა, ვიღაც რომ ავიდეს მიჰყავთ" - თამაზ გინტურის ბოლო ინტერვიუ

08 ნოე 202310:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/08/fdwce3ddy5q2j9k.jpg

თამაზ გინტური, რომელიც 6 ნოემბერს ოკუპანტებმა მოკლეს, 25 ოქტომბერს მთავარ არხთან მიცემულ ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ არ აძლევენ ოკუპანტები მოქალაქეებს კირბალის ლომისას სალოცავში ასვლის შესაძლებლობას. 

"აკრძალული გვაქვს ლომისაზე ასვლა, ვერ ავალთ. ვიღაც რომ ავიდეს და დაიჭირონ იმათმა, მიჰყავთ ეგრევე", - ამბობს ის ინტერვიუში. 

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს  ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

 

close დახურვა